logo

41 წლის ბუფონის წერილი 17 წლის ბუფონს

41 წლის ბუფონის წერილი 17 წლის ბუფონს

ძვირფასო 17 წლის ჯანლუიჯი, მე შენ ამ წერილს გწერ, როგორც 41 წლის კაცი, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა ცხოვრების განმავლობაში და შეცდომებიც დაუშვა. მე შენთვის როგორც კარგი, ისე ცუდი ამბები მაქვს. სიმართლე ისაა, რომ მე აქ შენს სულზე სასაუბროდ ვარ.

მოდი ცუდი ამბით დავიწყოთ. შენ 17 წლის ხარ. გსურს გახდე ნამდვილი ფეხბურთელი, როგორც შენს ოცნებებში. ფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი იცი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ შენ არაფერი იცი.

რამდენიმე დღეში შენ შანსს მიიღებ და "პარმას" შემადგენლობაში სერია ა-ში პირველ შეხვედრას ჩაატარებ. ახლა ალბათ დასაძინებლად უნდა წახვიდე და თბილ რძეს სვამდე, მაგრამ რას აკეთებ? შენ ღამისკლუბში მიდიხარ შენს მეგობართან ერთად.

უბრალოდ ერთი კათხა ლუდის დასალევად მიდიხარ, არა?

მაგრამ შემდეგ ცოტა გადაჭარბებულად იქცევი. ფილმის პერსონაჟს თამაშობ. ყველაზე ძლიერ ადამიანს. ამით ჩვეულებრივ იმ ზეწოლას უმკლავდები, რომელსაც არც კი იცი, რომ გრძნობ, მალე შენ კლუბის გარეთ იქნები, პოლიციელს კამათს დაუწყებ, უკვე გამთენია იქნება.

უბრალოდ წადი სახლში. წადი და დაიძინე.

და, გთხოვ, არ მიაფსა პოლიციის მანქანის ბორბალს, ამას არც პოლიცია და არც კლუბის დადებითად არ მიიღებს და ყველაფერს, რისთვისაც იღწვოდი, რისკის ქვეშ დააყენებ.

ეს ქაოსია, რომელსაც უმიზეზოდ უქმნი შენს თავს. შინაგანად იწვი და ეს შეცდომებამდე მიგიყვანს. რა თქმა უნდა, შენ ფიქრობ, რომ ამ საქციელით შენ თანაგუნდელებს აჩვენებ, რომ ძლიერი და თავისუფალი პიროვნება ხარ, მაგრამ, რეალურად, ეს ნიღაბია, რომელსაც ატარებ.

რამდენიმე დღეში შენ სამი რაღაცით დაჯილდოვდები, რომელიც კარგთან ერთად სახიფათოცაა. ფულით, დიდებითა და სამსახურით, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ოცნებები აიხდონო.

შენ ახლა ალბათ ფიქრობ, რა საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს ამან?

ეს პარადოქსია.

ერთი მხრივ, მეკარე თავდაჯერებული უნდა იყოს. მას სჭირდება, რომ იყოს უშიშარი. თუ მწვრთნელს არჩევანის საშუალებას მისცემ მსოფლიოს ყველაზე ტექნიკურ მეკარესა და ყველაზე უშიშარ მეკარეს შორის, გარანტიას გაძლევ, ყოველთვის უშიშარ მეკარეს აირჩევს.

მეორე მხრივ, ადამიანს, რომელიც უშიშარია, შესაძლოა მარტივად დაავიწყდეს საკუთარი თავი. თუ შენი ცხოვრება ნიჰილისტურად მიდის, ფიქრობ მხოლოდ ფეხბურთზე, შენი სული გაქრობას დაიწყებს. საბოლოოდ, შენ დეპრესიაში ჩავარდები და საწოლიდან ადგომის სურვილიც აღარ გექნება.

თუ გინდა, გაიცინე. მაგრამ ეს შენს თავს მოხდება. მოხდება შენი კარიერის მწვერვალზე, როდესაც ყველაფერი გექნება, რასაც კაცი ინატრებს. 26 წლის იქნები, "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მეკარე. გექმენა ფული და პატივისცემა. ხალხი შენ სუპერმენს დაგიძახებს.

მაგრამ შენ სუპერგმირი არ ხარ. შენ უბრალო ადამიანი ხარ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. და სიმართლე ისაა, რომ ამ პროფესიის ზეწოლამ შესაძლოა შენ რობოტად გაქციოს. ცხოვრებისეულმა რუტინამ კი შენი ცხოვრება ისეთი გახადოს, თითქოს ციხეში ხარ. მიდიხარ სავარჯიშოდ, ბრუნდები სახლში და უყურებ ტელევიზორს, მიდიხარ დასაძინებლად. შენ ამას ყოველდღიურად აკეთებ. იგებ, აგებ, ეს მეორდება და მეორდება.

ერთ დილას, როდესაც ადგები სავარჯიშოდ წასასვლელად, შენი ფეხები უკონტროლოდ დაიწყებენ კანკალს. თავს ძალიან სუსტად იგრძნობ და მანქანის მართვასაც ვერ შეძლებ. თავდაპირველად, შენ იფიქრებ, რომ ეს უბრალოდ დაღლილობის ბრალია ან ვირუსის, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაუარესდება. ერთადერთი, რისი სურვილიც შენ გექნება, ძილია. ვარჯიშზე, ყველა სეივისთვის ტიტანიკური ძალისხმევა დაგჭირდება. შვიდი თვის განმავლობაში გაგიჭირდება ცხოვრებაში სიხარულის პოვნა.

ამ მომენტში, ჩვენ უნდა გავჩერდეთ.

რადგან, ვიცი, რას ფიქრობ, როდესაც ამას კითხულობ 17 წლის ასაკში.

შენ ამბობ: "ეს როგორაა შესაძლებელი? მე ბედნიერი პიროვნება ვარ. მე დავიბადე, როგორც ლიდერი. თუ მე "იუვენტუსის" მეკარე გავხდები და მილიონები მექნება, ბედნიერი ვიქნები. დეპრესია შეუძლებელია".

კარგი, მაშინ მე მნიშვნელოვან შეკითხვას დაგისვამ. რატომ გადაწყვიტე, შენი ცხოვრება ფეხბურთისთვის მიგეძღვნა, ჯიჯი? გახსოვს ეს?

და გთხოვ, უბრალოდ არ თქვა, რომ ამის მიზეზი ტომას ნ'კონოა. უფრო ღრმად დაფიქრდი, შენ ყველა დეტალი უნდა გახსოვდეს.

12 წლის იყავი.

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო იტალიაში.

პირველი მატჩი არგენტინასა და კამერუნს შორის იყო სან სიროზე.

მაგრამ რას აკეთებდი პირველი მატჩის დროს შენ? დახუჭე თვალები. შენ შენს საძინებელ ოთახში იყავი, მარტო. რატომ არ იყვნენ არ შენი მეგობრები, როგორც ყოველთვის? არ გახსოვს. ბებია სამზარეულოშია, ლანჩს ამზადებს. და ძალიან ცხელა, მან ფანჯარა დახურა, რადგან ოთახში სიგრილე ყოფილიყო. სრული სიბნელეა, მხოლოდ ტელევიზორის ყვითელი სინათლე ჩანდა.

რას ხედავ?

შენ ხედავ უცნაურ სახელს. კამერუნი.

შენ არ იცი სად არის კამერუნი. ამ წუთამდე ისიც კი არ იცოდი, თუ მსგავსი ადგილი საერთოდ არსებობდა. რა თქმა უნდა, არგენტინა და მარადონა იცი, მაგრამ რაღაც მაგიურია კამერუნელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ძალიან ცხელა, მაგრამ მათ მეკარეს გრძელი ფორმა აცვია. გრძელი, შავი შარვალი. გრძელი, მწვანე მაისური ვარდისფერი საყელოთი. მისი მოძრაობები, მისი დგომა, ფანტასტიკური ულვაში. მან შენი გული დაატყვევა ამოუხსნელი გზით.

ის ყველაზე მაგარი კაცია, ვინც ოდესმე გინახავს.

კომენტატორი ამბობს, მისი სახელია ტომას ნ'კონო.

ეს ჯადოსნურია.

არგენტინა კუთხურს აწვდის, ტომასი გამოდის და ბურთს ურტყამს, 30 იარდზე აგდებს. ეს ის მომენტია, როდესაც მიხვდი, რისი გაკეთება გსურს ცხოვრებაში.

შენ არ გინდა იყო უბრალო მეკარე.

შენ გინდა იყო ასეთი ტიპის მეკარე.

შენ გინდა იყო ველური, გამბედავი, თავისუფალი.

ყოველი წუთის შემდეგ, როდესაც ამ მატჩს უყურებ, ხდები ის, ვინც ხარ. შენი ცხოვრება იწერება. კამერუნმა გაიტანა და ამას ნერვიულად აღნიშნავ, საწოლიდან ხტები. მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ტელევიზორის წინ ჯდომასა და ყურებას აგრძელებ. როდესაც კამერუნს მეორე მოთამაშე გაუძევეს, შენ უკვე აღარ შეგიძლია ყურების გაგრძელება.

მატჩის ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში ტელევიზორისთვის ხმა გაქვს გამორთული და მის უკან დგახარ.

ყოველ ჯერზე იხედები, რომ გაიგო რა ხდება და ისევ უკან დგები.

საბოლოოდ, ტელევიზორის წინ დადექი და დაინახე, რომ კამერუნელი ფეხბურთელები გამარჯვებას აღნიშნავდნენ. პირაპირ ქუჩაში გაქეცი, შენმა ორმა მეზობელმა ბიჭუნამაც იგივე გააკეთეს, ყველა ყვირის: "ნახეთ რა გააკეთა კამერუნმა? ნახეთ?"

ამ დღეს, ცეცხლი დაიბადა შენს სულში. კამერუნი არის ადგილი, რომელიც არსებობს. ტომას ნ'კონო არის კაცი, რომელიც არსებობს. შენ უნდა ანახო მსოფლიოს, რომ ბუფონი არსებობს.

ეს არის მიზეზი, რის გამოც შენ ფეხბურთელი გახდი. არა ფულისა და დიდების გამო. ნ'კონოს საფეხბურთო ხელოვნებისა და სტილის გამო. მისი სულის გამო.

უნდა გახსოვდეს ეს: ფული და დიდება არ არის მიზანი. თუ შენ შენს სულზე არ იზრუნებ, თუ არ ეძებ ინსპირაცია სხვადასხვა რამეში ფეხბურთის გარეთ, შენ დაღმასვლას დაიწყებ. რომ შემძლებოდა, ერთ რჩევას მოგცემდი, შენი ცხოვრება, შენს გარშემო არსებული სამყარო უფრო საინტერესო გახდებოდა, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყავი. გადაგარჩენი შენ და განსაკუთრებით შენ ოჯახს მრავალი ტკივილისგან.

იყო მეკარე ნიშნავს იყო მამაცი, ეს სიმართლეა.

მაგრამ იყო მამაცი, არ ნიშნავს იყო უვიცი, ჯიჯი.

დეპრესიის დროს რაღაც უცნაური და ლამაზი მოხდება. ერთ დილას, შენ გადაწყვეტ, რომ დაამსხვრიო ყოველდღიური რუტინა და წახვალ განსხვავებულ რესტორანში, ტორინოში საუზმისთვის. შენ ქალაქის სხვა მხარეს გაივლი, მუზეუმს ჩაუვლი.

მუზეუმის გარეთ პოსტერს დაინახავ, სადაც წერია - CHAGALL.

აქამდე ეს სახელი გსმენია, მაგრამ ხელოვნების შესახებ წარმოდგენა არ გაქვს.

შენ შენი საქმე გაქვს გასაკეთებელი.

შენს გზაზე უნდა იარო.

შენ ბუფონი ხარ.

მაგრამ ვინ არის ბუფონი?

ვინ ხარ სინამდვილეში?

იცი?

ეს წერილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შენ უნდა შეხვიდე მუზეუმში, ამ კონკრეტულ დღეს. ეს შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.

თუ შენ ახლა მუზეუმში არ შეხვალ და ცხოვრებას გააგრძელებ როგორც ფეხბურთელი და როგორც სუპერმენი, მაშინ ყველა გრძნობის სარდაფში ჩაკეტვა მოგიწევს და სულიერად დაცემა.

მაგრამ თუ შიგნით შეხვალ, შენ იხილავ ჩაგალის ასობით ნამუშევარს. უმეტესი მათგანის აზრს ვერ გაიგებ. ზოგი კარგია, ზოგი საინტერესოა, ზოგი კი არაფრისმთქმელია.

მაგრამ შემდეგ შენ მიუახლოვდები ერთ ნახატს, რომელიც საოცრად მოგეწონება.

მას ჰქვია - The Walk

ბავშვის ნახატს ჰგავს. კაცი და ქალი პარკში არიან, პიკნიკი აქვთ, მაგრამ ყველაფერი მაგიურია. ქალი ცაში დაფრინავს, ანგელოზისავით, კაცი მიწაზეა და მისთვის ხელი აქვს ჩაჭიდებული, იღიმის.

ეს ბავშვის ოცნებას ჰგავს.

ეს ნახატი სხვა სამყაროში გადაგისვრის. ეს ბავშვურ გრძნობას დაგაუფლებინებს. ბედნიერების გრძნობას სიმარტივეში.

ტომას ნ'კონოს 30 იარდზე მოგერიებული ბურთის გრძნობას.

გრძნობას, რომ ბებია გეძახის სამზარეულოდან.

გრძნობას, რომ ზიხარ ტელევიზორის უკან, სიბნელეში და ლოცულობ.

ასაკის მატებასთან ერთად ამ გრძნობების მარტივად დავიწყება ხდება.

შენ მუზეუმში მომავალ დღეებშიც უნდა დაბრუნდე. ეს აუცილებელია.

ბილეთების გასაყიდ კაბინაში მჯდომი ქალი ღიმილით შემოგხედავს და გეტყვის: "შენ აქ გუშინ არ იყავი?"

მნიშვნელობა არ აქვს. უნდა დაბრუნდე. ეს ნახატი შენი მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა. როდესაც გონებას მოიკრებ, შინაგანი სიმძიმე, რომელსაც აქამდე გრძნობდი, მოიხსნება, როგორც ქალი მიისწრაფვის ჩაგალის ნახატში.

ახლა ეს შესანიშნავი ირონიაა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ცხოვრება ჩვენთვის უნდა დაწერილიყო. ცხოვრებაში მრავალი ამოუხსნელი და ლამაზი რამ მოხდება, რაც, ჩანს, რომ ერთმანეთს უკავშირდება. ესეც ერთ-ერთი მათგანია.

როდესაც "პარმას" ახალგაზრდა მეკარე ხარ, გიწევს რაღაცების იგნორირება. დიდ მატჩამდე, შენ გინდა, რომ რაიმე დიდი ჟესტით აჩვენო თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს, რომ ლიდერი ხარ, მამაცი ხარ, ამ ყველაფრის დიდი პერსონაჟი ხარ.

ამიტომ იწერ მაისურზე იმას, რაც ერთხელ სასკოლო მერხზე ამოკაწრული დაინახე.

"სიკვდილი მშიშრებს"

ფიქრობ, ეს სამოტივაციო წერილია.

ჯერ არ იცი, რომ რეალურად ეს მემარჯვენე ფაშისტების ლოზუნგია.

ეს იმ შეცდომებიდან ერთ-ერთია, რომელიც შენს ოჯახს დიდ ტკივილს მიაყენებს, მაგრამ ეს შეცდომები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გახსენებენ, რომ უბრალო ადამიანი ხარ. გახსენებენ კვლავაც და კვლავაც, რომ არაფერი იცი, ჩემო მეგობარო. ეს კარგია, რადგან ფეხბურთი დაგაჯერებს, რომ განსაკუთრებული ხარ, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ არაფრით განსხვავდები უბრალო ბარმენისგან ან ელექტრიკოსისგან, ვისთანაც მთელი ცხოვრება იმეგობრებ.

ეს არის, რაც დეპრესიისგან გიხსნის. ნუ გეხსომება, რომ განსაკუთრებული ხარ. დაიმახსოვრე, რომ ყველა სხვა ადამიანის მსგავსი ხარ. ახლა, 17 წლის ასაკში, ამას ვერ გაიგებ, მაგრამ გპირდები, რეალური სიმამაცე სისუსტეების ჩვენება და ამის გამო არ შერცხვენაა.

შენ იმსახურებ სიცოცხლის საჩუქარს, ჯიჯი, როგორც ყველა სხვა. დაიმახსოვრე ეს.

ცხოვრებაში ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება, მაგრამ ამას ჯერ ვერ გაიგებ, რადგან ძალიან ახალგაზრდა და გულუბრყვილო ხარ. ჩემი ერთადერთი სინანული ისაა, რომ დროულად არ გახსენი გონება. 41 წლის ასაკში, შენ სულში ცეცხლს კვლავ იგრძნობ, მიღწეულით დაკმაყოფილებული ისევ არ იქნები. მსოფლიო თასის ხელში ჭერაც კი ვერ ჩაახშობს ამ გრძნობას. სანამ არ გექნება ახალი სეზონი, ახალი მიზნები, შენ არასდროს იქნები კმაყოფილი.

დიახ, მართალია, რომ ყოველთვის ასე იყავი.

გახსოვს პირველი ზამთარი, როდესაც ბიძიას ესტუმრე უდინეში, მაღლა, მთებში? შეიძლება ეს ერთადერთი მოგონებაა, რომლის გახსენებაც შეუძლია მოხუც კაცს?

ოთხი წლის იყავი. მთელი ღამე თოვდა. აქამდე თოვლი არასდროს გქონდა ნანახი. გაიღვიძე და ფანჯარაში გაიხედე და დაინახე სიზმარი. მთელი ქვეყანა გადათეთრებულიყო.

პიჟამო გაცვია და გარეთ გარბიხარ, ვერც კი გაიგე რა იყო თოვლი, მაგრამ ამას ყოყმანი არ სჭირდება. ხედავ თოვლის თეთრ გორაკებს და რას აკეთებ? ფიქრობ? გაკვირვებული ხარ? შინისკენ გარბიხარ ქურთუკისთვის?

არა, შენ ამ გორაკზე ხტები, უშიშარი ხარ.

ბებია ყვირის: "ჯანლუიჯი!!!!!!!!!! არა! არა! არა!"

სველი ხარ, იცინი.

და მთელი კვირა სიცხე გქონდა.

მაგრამ ეს არ გაინტერესებდა.

უყოყმანოდ. პირდაპირ თოვლში.

ეს არის ის, რაც შენ ხარ.

შენ ბუფონი ხარ.

შენ მსოფლიოს აჩვენე, რომ არსებობ.


7 თვის წინ
836 / 0
იაკობ ქირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-