
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა sport.business-gazeta-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მან აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა მისი მიზანი არ არის და უფრო მეტიც ყველაფერს აკეთებს, რომ მომდევნო სეზონში ქართველმა ისევ რუბინში ითამაშოს.
"როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს წინაშე არ დგას ამოცანა, რომ ფეხბურთელები ტრანსფერებისთვის მოვამზადოთ. ვქმნით გუნდს და თითოეული ეს მოთამაშე ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, თუ კლუბი მიიღებს ღირსეულ წინადადებას რომელიმე ფეხბურთელზე, მაშინ ყოველთვის მზად ვართ, განვიხილოთ. მინდა, ხაზი გავუსვა - ღირსეულ შემოთავაზებას ვგულისხმობ! უხეშად რომ ვთქვათ, ხვიჩას 20 წელი გუშინ შეუსრულდა, სკოლის ჩანთა მოიხსნა და დიდი ფეხბურთის თამაში 19 წლის ასაკში დაიწყო. ძალიან ნიჭიერია და ძალიან მინდა, მომდევნო სეზონშიც ჩვენთან თამაშობდეს. ყველა ღონეს ვხმარობ, რათა ის ჩვენთან იყოს. მაგრამ ამავე დროს მესმის, რომ ამის გადაჭრით თქმა ფაქტობრივად შეუძლებელია," - თქვა საიმანოვმა.
ამის შემდეგ ჟურნალისტმა რუბინის ხელმძღვანელს ჰკითხა, რომ კვარაცხელიას ფასად 20 მილიონი ევრო სახელდება, მაგრამ ფეხბურთში ახლა ფინანსური კრიზისია და ყველა გუნდი ცდილობს მოთამაშეების გაცვლას. მაგალითად, "იუვენტუსს" სურს, რომ პაულო დიბალა "ბარსელონას' ანტუან გრიზმანში გაუცვალოს. სიამონოვმა ამ შეკითხვას ხუმრობით უპასუხა: "მზად ვარ, ხვიჩა დიბალაში გავცვალო!"