1 წლის წინ
"3 თითს დაგაჭრით, თუ ჩვენს გუნდში გადმოხვალ" - რატომ ემუქრებიან ულტრასები ვლაჰოვიჩს
"3 თითს დაგაჭრით, თუ ჩვენს გუნდში გადმოხვალ" - რატომ ემუქრებიან ულტრასები ვლაჰოვიჩს
ავტორი
Aa

დუშან ვლაჰოვიჩის ტურინის "იუვენტუსიდან" "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, მას შემდეგ, რაც პარიზული კლუბის ულტრასები სერბ თავდამსხმელს თითების დაჭრით დაემუქრნენ.

"თუ მოხვალ, 3 თითს დაგაჭრით," - ვკითხულობთ ბანერზე, რომელიც "პარი სენ-ჟერმენის" გულშემატკივრებს "პარკ დე პრანსის" წინ გადაღებულ ფოტოზე აქვთ გაშლილი.

ხსენებული 3 თითი დუშანმა სერბეთის ნაკრებში ჩატარებული ერთ-ერთი მატჩის შემდეგ აჩვენა. ეს ჟესტი სერბეთის კოსოვოზე უზენაესობას აღნიშნავს და მას სიმბოლოდ სერბეთის გაერთიანებისთვის მებრძოლი პარტიზანებიც იყენებდნენ. ფოტოზე ვლაჰოვიჩს ისეთი მაისურიც აცვია, რომელზედაც კოსოვო სერბეთის ნაწილადაა დატანილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "პსჟ-ს" ულტრასები გუნდის შესაძლო ახალწვეულს უპირისპირდებიან. იქამდე, სანამ ლუკას ერნანდესის ტრანსფერი დადასტურდებოდა, ფრანგ მცველს მუქარები გაუგზავნეს და გაახსენეს როგორც კავშირი "მარსელთან", ასევე სწორედ "პარი სენ ჟერმენის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ვლაჰოვიჩით ინტერესდება ლონდონის "ჩელსიც", თუმცა სერბის ხელფასი, რომელიც კვირაში 275 ათას ფუნტს შეადგენს, შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს. იმ შემთხვევაში, თუ ჰარი კეინი მიუნხენის "ბაიერნს" მიაშურებს, ბრძოლაში ჩაერთვება ლონდონის "ტოტენჰემიც".

23 წლის ცენტრფორვარდმა გასულ სეზონში 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "იუვენტუსს" ის 14 გოლითა და 4 ასისტით დაეხმარა.


Facebook კომენტარები